Georgia's Ministry of Economy and Sustainable Development: საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 48
07-Aug-2017 საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 48.37%-ით არის გაზრდილი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წლის 7 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტების მიერ, რეგულარული და ჩარტერული რეისების შედეგად გადაყვანილ იქნა 2 129 121 მგზავრი, რაც 48.37%-ით (694 153 მგზავრით) აღემატება წინა წლის ანალოგიურ მონაცემს (1 434 968 მგზავრი). 2015 წლის 7 თვის მონაცემებთან შედარებით კი ზრდა 81.89%-ს (958 577 მგზავრით მეტი) შეადგენს.
მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში:
- 2017 წლის 7 თვის განმავლობაში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 503 636 მგზავრით მეტს მოემსახურა (სულ 1 658 366 მგზავრი), ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში (1 154 730 მგზავრი). შესაბამისად მგზავრთნაკადის ზრდის მაჩვენებელმა 43,62% შეადგინა;
- ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 86.48%-ით არის გაზრდილი. თუ წინა წლის 7 თვეში აეროპორტი 124 826 მგზავრს მოემსახურა, მიმდინარე წელს აღნიშნულმა მაჩვენებელმა 232 775 მგზავრი შეადგინა - 107 949 მგზავრით მეტი;
- გასული თვეების განმავლობაში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 233 992 მგზავრი იქნა გადაყვანილი, რაც 52.32% ით (80 369 მგზავრით) მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (153 623 მგზავრი).
რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მესტია მიმდინარე წლის 7 თვის განმავლობაში 3 988 მგზავრს მოემსახურა, რაც 2 199 მგზავრით, შესაბამისად 122.92%-ით მეტია ვიდრე გასული წლის პირველ 7 თვეს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა (1 789). ამბროლაურის აეროპორტმა წელს პირველად მიიღო მგზავრები და იანვრის შუა რიცხვებიდან ივლისის ბოლომდე 802 მგზავრს მოემსახურა.
მიმდინარე წლის 7 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში 3 299-ით მეტი რეისი განხორციელდა. მონაცემები ასე გამოიყურება: სამგზავრო და სატვირთო რეისების რაოდენობა სულ - 11 218, აქედან რეგულარული რეისების რაოდენობაა 9 056, ხოლო ჩარტერების 2 162. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული რეისების რაოდენობასთან შედარებით, ზრდა 41.66%-ს შეადგენს.
15.25%-ით იმატა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელმა. 2016 წლის 7 თვიან პერიოდში ერთეული გადაფრენების რაოდენობა იყო 69 863, მიმდინარე წლის განვლილ თვეებში კი საქართველოს საჰაერო სივრცეში 80 514 ერთეული გადაფრენა დაფიქსირდა.
მიმდინარე წლის 7 თვის მონაცემებით, ზრდა დაფიქსირდა სატვირთო გადაზიდვების კუთხითაც. საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის მოცულობამ 19 715.983 ტონა შეადგინა, რაც 4 832.60 ტონით, შესაბამისად 32.47%-ით მეტია ვიდრე წინა წელს გადაზიდული ტვირთის ოდენობა.
Source: Georgia's Ministry of Economy and Sustainable Development